
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების მსურველები დაჩქარებულად შეძლებენ პროცედურების გავლას ვიზების მისაღებად.
„ფიფას“ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად ოვალურ კაბინეტში საუბრისას, ტრამპმა მოუწოდა ვიზიტორებს, რომლებიც აპირებენ აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას, დაუყოვნებლივ შეავსონ განაცხადი.
„მსოფლიო ჩემპიონატი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობა იქნება უამრავი ამერიკელისთვის. მოსალოდნელია, რომ ის 30 მილიარდ დოლარზე მეტს მოიზიდავს. რამდენს მიიღებს ქვეყანა ამ 30 მილიარდიდან? 20 მილიარდი დოლარი ამერიკისთვის თითქმის 200 000 სამუშაო ადგილს შექმნის. თეთრი სახლის „ფიფას“ სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში მდივან რუბიოს გუნდი დაუღალავად მუშაობს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ მთელი მსოფლიოდან ფეხბურთის გულშემატკივრები სათანადოდ შეამოწმონ და მომავალ ზაფხულს შეერთებულ შტატებში მარტივად ჩამოვიდნენ. ვიდრე თანამდებობას დავიკავებდი, სამოგზაურო ვიზის მიღებას ხშირად ერთი წელი სჭირდებოდა, მაგრამ ადმინისტრაციის შრომისმოყვარეობის გამო, ახლა მსოფლიოს 80 პროცენტზე მეტში, ვიზის მიღების ლოდინის დრო 60 დღე ან ნაკლებია. მათთვის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენთან ჩამოსვლა სურს, გირჩევთ, დაუყოვნებლივ შეავსოთ განაცხადი. მინდა, მადლობა გადავუხადო „ფიფას“ სამუშაო ჯგუფს და მდივან რუბიოს შესანიშნავი სამუშაოსთვის. მარკო ასევე ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს მრავალი თვალსაზრისით. ამიტომ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ბილეთი არ არის ვიზა და მხოლოდ ბილეთი არ არის აშშ-ში ჩასვლის გარანტია.
0
0