
მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პირველ არხს საბერძნეთში განუცხადა, სადაც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ მიმდინარეობს.
ავრამოპულოსის განცხადებით, „საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს ძალიან მარტივი ფაქტია“.
„იმ დროს, როცა მე ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, მახსოვს, თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არცერთი სხვა დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს იმდენი ევროპული დროშა, რამდენიც საქართველოში. მე ახლა აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავარ. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისტორიულ ჭრილში და არა მოკლევადიან პერსპექტივაში. ერთ დღეს თქვენ ამას მიაღწევთ. მიყვარს თქვენი ქვეყანა და ველოდები, ისევ დავბრუნდე საქართველოში“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
0
0