
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, იაპონიამ და კანადამ ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნები მზად არიან უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში ჩაერთონ და ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციისთვის ნაბიჯები გადადგან.
განცხადებაში ქვეყნები მკაცრად გმობენ ირანის მიერ სპარსეთის ყურეში უიარაღო კომერციულ ხომალდებზე თავდასხმებს, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმასა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას.
ქვეყნები ირანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მუქარები, დანაღმვა, დრონებითა და რაკეტებით შეტევები და სხვა ქმედებები, რომლებიც აფერხებს კომერციულ გადაზიდვებს, ასევე შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია.
„ამ მხრივ, ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ ყოვლისმომცველი მორატორიუმის გამოცხადებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნავიგაციის თავისუფლება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, ხოლო არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის გლობალურ ენერგომომარაგებასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას.
0
0