19/11/2022
19:15
მსოფლიო
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე, FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ უფლებათა დამცველები ყატარში ჩემპიონატის გამართვის კრიტიკის პასუხად ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
ინფანტინოს მტკიცებით, წარსულისა და ამჟამინდელი მოქმედებების გათვალისწინებით, დასავლეთს არ აქვს უფლება, "ყატარს მორალის გაკვეთილები ჩაუტაროს".
"ბევრი, ბევრი გაკვეთილი მოვისმინეთ ზოგიერთი ევროპელისგან - დასავლური სამყაროსგან. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ევროპელები ვაკეთებთ ბოლო 3 000 წელია, ჯერ ამისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში კიდევ 3 000 წელი, სანამ მორალის გაკვეთილების კითხვას დავიწყებთ". - თქვა FIFA-ს პრეზიდენტმა.
ინფანტინომ ასევე უარყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ LGBTQ+ ფანებს ქვეყანაში საფრთხე შეექმნებათ. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კატარში გეი ადამიანები წამების და პატიმრობის რისკის ქვეშ არიან, ფიფას დახმარებით, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.
"დღეს თავს ვგრძნობ, როგორც ყატარში მაცხოვრებელი, არაბი, აფრიკელი, გეი, შშმ. დღეს თავს ვგრძნობ, როგორც მიგრანტი მუშა". - თქვა მან.
მან გამოსვლა დაიწყო იმის მტკიცებით, რომ, როგორც იტალიელი ემიგრანტების შვილს შვეიცარიაში, ღრმად ესმოდა ყატარში მიგრანტი მუშებისა და სხვა უმცირესობათა გამოცდილების შესახებ.
"რა თქმა უნდა, მე არ ვარ ყატარელი, არ ვარ არაბი, არ ვარ აფრიკელი, არ ვარ გეი, არ ვარ შშმ. მაგრამ მე ასე ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, რას ნიშნავს იყო დისკრიმინაციისა და ბულინგის მსხვერპლი, როგორც უცხო ქვეყანაში მცხოვრები. ბავშვობაში მამცირებდნენ, რადგან წითელი თმა და ჭორფლები მქონდა, ამასთანავე იტალიელი ვიყავი, ასე რომ წარმოდგენა შემიძლია". - დამატებით აღნიშნა მან.
გასულ წელს Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 6 500 მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. თუმცა ინფანტინომ თქვა, რომ ასეთი კრიტიკა ფარისევლურია, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლიდან ევროპაში 25 000 მიგრანტი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დაიღუპა.
უფლებადამცველმა ორგანიზაცია Equidem-ის ცნობით, მიგრანტ მუშებს, რომლებმაც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონები ააშენეს, ხშირად მძიმე პირობებში უწევდათ საქმიანობა: იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი, არ უხდიდნენ ხელფასებს და აყენებდნენ სხვა სახის შეურაცხყოფას.
წყარო: tabula.ge
0
0
პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა
22/10/2024