
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი უნგრეთის დედაქალაქში 4 და 5 მაისს ტარდება, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაც. ასევე, გაიმართება მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც არიან.
მემარჯვენე პოლიტიკოსებიდან, ამერიკელი რესპუბლიკელების გარდა, უნგრეთში ევროპის ყოფილი სახელმწიფო მოხელეებიც ჩავიდნენ, მათ შორის, ჩეხეთისა და სლოვენიის ყოფილი მეთაურები.
მემარჯვენეთა ყველაზე მასშტაბურ ფორუმზე სპიკერებს შორის ირაკლი ღარიბაშვილი მესამე გამომსვლელია. პატივი სცენ უმრავლესობის ნებას - ეს არის მსოფლიოს მემარჯვენეთა ფრთის მთავარი იდეა.
კონფერენციის ისტორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყება და მასში მონაწილეობას პრეზიდენტის რანგში, სხვადასხვა დროს - რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში და დონალდ ტრამპიც იღებდნენ. კონფერენციაზე მთავარი განსახილველი საკითხები წელს ოჯახი, სარწმუნოება და ტრადიციული ღირებულებები იქნება. სხვადასხვა დროს ევროპისა და აშშ-ს გარდა, კონფერენცია იაპონიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ისრაელსა და მექსიკაშიც გაიმართა.
0
0