
დღეს სესიაზე დეპუტატები კენჭს უყრიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს. "სისხლის სამართლის კოდექსს" სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება; ანალოგიური ფორმულირება ჩნდება "ადმინისტრაციულ კოდექსშიც". გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. ცვლილებების უკან კონკრეტულ მიზეზებს ხედავს ოპოზიცია.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ცვლილებების პაკეტი, რომელიც 18 კანონში ითვალისწინებს შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რაც დამატებით ბერკეტს მისცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ჩვენი ქვეყანაში უსაფრთხოება. რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებში აღმოჩნდა, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სწორედ იმის გამო, რომ შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობდა, განსაკუთრებულად აგრესიულად იქცეოდნენ, არ ემორჩილებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ წინააღმდეგობას და აღნიშნული კანონმდებლობა ხელს შეუწყობს იმას, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანაბარი - როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.
0
0