25/11/2023
14:34
მსოფლიო
ისრაელის პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დღეს „ჰამასი“ 14 მძევალს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეებს კი 42 პალესტინელი პატიმარი დატოვებს. ამის შესახებ Times of Israel-ი იტყობინება.
გუშინ „ჰამასმა“ 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და 1 ფილიპინელი მძევალი გაათავისუფლა. პარალელურად, ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება 24 ნოემბერს დილით ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
0
0