13/06/2023
12:10
პოლიტიკა
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნით გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ 12-პუნქტიან ვალდებულებას ასრულებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტი რეპრესიულია.
„დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ზუსტად ეს არგუმენტები გვქონდა საკომიტეტო განხილვაზე. ასევე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით წარდგენილი გვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი და ვენეციის კომისიის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ 12-პუნქტიან ვალდებულებას ასრულებს. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს „დებიძინიზაციას“, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი კი მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოყენებული იქნას ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაეხმარონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ამიტომაც, ვენეციის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა და მისცა პირდაპირი რეკომენდაცია „ქართულ ოცნებას“, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას, ამ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი – ბიძინა ივანიშვილი. ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონპროექტი არ იქნას მიღებული ამ ფორმით, რადგან ის არის რეპრესიული“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.
0
0