
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და საღამოს 7-ზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის "ფიდესი" და პიტერ მაგიარის "ტისა" არიან. საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირეს უნგრეთის პრემიერმა და მისმა მთავარმა კონკურეტმაც.
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საარჩევნო უბნების გახსნიდან 1 საათში 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები ოფიციალურად არაუგვიანეს 18 აპრილისა უნდა დაითვალონ, თუმცა ეგზიტპოლების შედეგებს უკვე საღამოსთვის ელოდებიან.
"ერთადერთი გზა ამ ომის დასასრულებლად ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებაა. ევროპა ახლა რთულ პერიოდს გადის. ბრიუსელში ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, მაგრამ უნგრეთი ყოველთვის მშვიდობას აირჩევს. არ ვაპირებთ იარაღის გაგზავნას და ჩვენი ხალხის საფრთხის შექმნას. უნდა შენარჩუნდეს ეკონომიკური სტაბილურობა, დაცული უნდა იყოს ჩვენი საზღვრები და ჩვენი სუვერენიტეტი. არავის აქვს უფლება გვითხრას, როგორ ვიცხოვროთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში.
რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არ მუშაობს ისე, როგორც ზოგიერთს ეგონა. სანქციები უფრო მეტად აზიანებს ევროპას, ვიდრე მათ, ვის წინააღმდეგაცაა მიმართული. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გონივრული პოლიტიკა და არა იდეოლოგიური გადაწყვეტილებები.
უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში", - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პარტია "ფიდესის" ლიდერი, ვიქტორ ორბანი.
0
0