19/04/2023
21:10
პოლიტიკა
“აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით,” - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
აბაშიძე აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე, მეტი ინფორმაციაა საჭირო.
როგორც გია აბაშიძე აცხადებს, აშშ-ის ელჩი „ფორმულას“ ტელეწამყვანების სტილში ცდილობს კეზერაშვილი გაამართლოს.
„აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით. ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის "საადვოკატო მისიაც" მოირგო და "ქადაგებს" "ფორმულას" ტელეწამყვანის სტილში. თუ ევრომძარცველ კეზერაშვილს თურმე აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, უარგუმენტოდ დასანქცირებულ ქართველ მოსამართლეებს ჩამოერთვათ მსგავსი უფლება? ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები და იჭრება იმ სფეროებში, სადაც არანაირადაა მისი კომპეტენცია,“ - წერს გია აბაშიძე.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს. კელი დეგნანის თქმით, აშკარად მეტი ინფორმაციაა საჭირო. აშშ-ის ელჩის განცხადებით, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და როგორც დეგნანი აცხადებს, ის დარწმუნებულია, აღნიშნული პროცესი დაიწყება.
0
0