-share.jpg)
მარტვილში დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება.
ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ის ჯერჯერობით საქმის მასალებს არ გაცნობია.
საქმე განსახილველად სასამართლოში, სავარაუდოდ ხვალ, 13 მარტს შევა.
შეგახსენებთ, მარტვილში მკვლელობა 8 მარტს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა, 86 წლის დედა, თალიკო კარტოზია, შეშითა და ნაჯახით მოკლა. დანაშაულის დაფარვის მიზნით კი, 2 დღე სამძიმარს იღებდა. შემთხვევა რვა მარტს მოხდა.
ასევე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იქირავა მიცვალებულების ჩასასვენებელი მაცივარი, სადაც მოკლული დედა ჩაასვენა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც მეზობლები ამბობენ, დათვალიერების შემდგომ ცხედარს ემჩნევა, რომ ქალი მოკლულია. მკვლელობის სავარაუდო მოტივად პენსია სახელდება. როგორც ამბობენ, დედამ შვილს პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0