ორი წელიწადი გვაცხოვრებდნენ ისე, თითქოს სააკაშვილს აწამებდნენ, წამლავდნენ და ა.შ, დღეს კი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნაში ფაქტობრივად ითქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი სანდუ და ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც აშშ-ის რეესტრის მეშვეობით გაირკვა, მილიონები იყო დახარჯული ლობისტებში, რათა ეყიდათ სტატიები, სატელევიზიო რეპორტაჟები, პოლიტიკური განცხადებები და საზოგადოებამ ისიც კი გაიგო, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტები ამერიკელი ლობისტების მიერ იყო შედგენილი.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეიძლება, ეს დასკვნა გახდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში გადაყვანის საფუძველი, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ექიმები წყვეტენ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არანაირი დახსნა არ იქნება, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი დანაშაულებისთვის, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე აქვს ჩადენილი და რა თქმა უნდა, მისი რეჟიმის მსხვერპლები იმსახურებენ იმას, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკური საკითხები დამატებით თუ არის მოსაგვარებელი, გასეირნების საკითხი, თუ სხვა, ეს უმარტივესია და რა თქმა უნდა, ამას იუსტიციის სამინისტრო მოაგვარებს.
0
0