05/11/2021
19:25
პოლიტიკა
მინისტრმა დიპლომატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური დღის აღნიშვნას თხუთმეტიოდე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
„მსურს მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომლის ინიციატივითაც 3 ნოემბერი, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღე დაწესდა ქართული დიპლომატიის პროფესიულ დღესასწაულად“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო მიისწრაფის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე უკვე მიღწეული გამარჯვების და წარმატების უკან სწორედ ქართველ დიპლომატთა საკმაოდ წარმომადგენლობითი არმია დგას.
„მოხარული ვარ, რომ ამ გამოწვევის მიუხედავად ქართულმა დიპლომატიამ შეძლო და ამ 30 წლის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. დღეს საქართველოს განვითარების გზა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სირთულეები და გამოწვევა სწორედ საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენს არჩევანზე გადის. საქართველოს სახელმწიფო მიისწრაფის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე უკვე მიღწეული გამარჯვების და წარმატების უკან სწორედ ქართველ დიპლომატთა საკმაოდ წარმომადგენლობითი არმია დგას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასობით ქართველი დიპლომატის აღტკინებაში მაქსიმალური ენერგია იქნება გაწეული და ჩაიდება ის არსებული პროფესიონალიზმი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ ამ სანუკვარი მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო უწყევის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში აუცილებლად უნდა იყოს მიღწეული.
„დღევანდელ ჩვენს ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, როგორც უსაფრთხოების კონტექსტში, ისე შიგნით მიმდინარე პოლარიზაციის ფონზე, მაგრამ ჩვენ, დიპლომატები და მე პირადად, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად ვთვლი, რომ გავაკეთოთ მაქსიმალური, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომელიც ქვეყანას გარედან ემუქრება, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა, რადგან სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომლებიც ჩვენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს და ის, რომ 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, დღეს საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, ნატო-ს წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ ჩვენი საბოლოო სანუკვარი მიზანი, რაც არის ასახული ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტში, ქვეყნის კონსტიტუციაში. ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში აუცილებლად უნდა იყოს მიღწეული და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, მთლიანად ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი, ასევე საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, რადგან ამ მიზანს სხვაგვარად, საერთო საზოგადოების და ერის კონსოლიდაციის გარეშე ნამდვილად ვერ მივაღწევთ“, – განაცხდა ზალკალიანმა.
0
0