
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.
მინისტრთან შეხვედრაზე ფერმერებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.
„კარტოფილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია წარმოების ზრდისა და დარგის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა შესაბამისი საბჭო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია, არსებული გამოწვევების განხილვა და ისეთი მექანიზმების განსაზღვრა, რომლებიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, შესაბამისი ტექნიკის ხელმისაწვდომობის საკითხებს და დარგის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების იმგვარად კორექტირების მნიშვნელობას, რომ ეფექტიანად პასუხობდეს დარგის რეალურ გამოწვევებს.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით გაიმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია ასევე, სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
0
0