
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის ძირითადი არგუმენტები მოიყვანა, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
დავით ქართველიშვილი ცალსახად აცხადებს, რომ არაფერი იცავს ქვეყანას ისე ძლიერად, როგორც მის ირგვლივ მოთამაშეების მატერიალური ინტერესი.
„არაფერს არ იცავენ ისეთი სიფრთხილითა და მოწიწებით, როგორც საკუთარ ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს. სწორედ ეს ინტერესები გიცავენ ნებისმიერ სამხედრო ბლოკსა თუ „რკინის გუმბათზე“ უკეთ, ხოლო როდესაც შენზე ფოკუსირებულია ერთდროულად რამდენიმე მოთამაშის მატერიალური ინტერესი, ადგილი გვაქვს უკვე კოლექტიურ ძალისხმევასთან, თითოეულმა შენს „კარგად ყოფნაში“ თავისი წვლილი შეიტანოს.
ამ პროცესებთან არანაირი საერთო არა აქვს იდეოლოგიურ მავნებლობას, რომელსაც ადგილი აქვს ევრობიუროკრატიის თუ მათი ადგილობრივი აგენტურის მხრიდან. მათ ხომ სულ სხვა მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ, და მათი განხორციელების გზაზე, ისინი სადომაზოხისტური სიამოვნებით პერიოდულად საკუთარ კიდურებს აყენებენ ცეცხლნასროლ დაზიანებებს.
დღეს მათზე საუბარს აღარ დავუთმობთ დიდ ყურადღებას. საუბარი გვექნება პრაგმატულ პოლიტიკაზე იმ გეოეკონომიკურ კონფიგურაციაში, რომლის ერთ-ერთ ძირითად საკვანძო ნაწილად სწორედ საქართველო ჩამოყალიბდა. მის სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია. დავუპირისპიროთ მათ ეს კონკურენტი-ძალები:
აშშ – რომელიც დაინტერესებულია, საქართველო დარჩეს სტაბილურ და უსაფრთხო სატრანზიტო კვანძად კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის, რაც ამცირებს ევროპის დამოკიდებულებას სხვა, უფრო სარისკო მიმართულებებზე. ვაშინგტონისთვის სტაბილური საქართველო ასევე წარმოადგენს პლატფორმას ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც ევრაზიას დასავლურ ბაზრებს უკავშირებს.
ჩინეთი – რომელიც საქართველოს განიხილავს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს ერთი სარტყელი-ერთი გზა ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს არასტაბილური რეგიონების გვერდის ავლით. ამიტომ პეკინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორია დარჩეს პროგნოზირებადი, ლოგისტიკურად უსაფრთხო და პოლიტიკურად სტაბილური.
ევროკავშირი - ევროკავშირის პრაგმატული ნაწილი, რომელიც დაინტერესებულია სტაბილური საქართველოთი, როგორც საიმედო ხიდით კასპიის ენერგორესურსებისა და სავაჭრო ნაკადების ევროპაში გადასატანად. საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება ევროპული ენერგეტიკული და სატრანსპორტო ჯაჭვების მდგრადობას.
რუსეთი - რუსეთი, რომელიც დაინტერესებულია, სამხრეთ კავკასია დარჩეს მართვად რეგიონად და არ იქცეს დიდი ძალების პირდაპირი დაპირისპირების ზონად. სტაბილური საქართველო ასევე მნიშვნელოვანია, როგორც შესაძლო ელემენტი მომავალი სატრანზიტო მარშრუტებისათვის, მიმართულებით ჩრდილოეთი–სამხრეთი, და როგორც რეგიონული ბალანსის ფაქტორი.
თურქეთი - რომელიც საქართველოს განიხილავს სტრატეგიულ დერეფნად, რომელიც თურქეთის ეკონომიკას აკავშირებს კავკასიასთან, კასპიის რეგიონთან და ცენტრალურ აზიასთან. საქართველოს სტაბილურობა პირდაპირ განსაზღვრავს იმ ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების უსაფრთხოებას, რომლებიც თურქეთ–საქართველოს მიმართულებით გადის.
ირანი - რომელიც დაინტერესებულია, საქართველო დარჩეს ნეიტრალურ და სტაბილურ ტერიტორიად ჩრდილოეთის მიმართულებით და არ იყოს ჩართული ანტიირანულ სამხედრო კონფიგურაციებში. მშვიდობიანი და პროგნოზირებადი საქართველო ასევე მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის სავაჭრო მარშრუტებისა და რეგიონული ეკონომიკური კავშირის განვითარებისათვის.
ეს არის ის ძირითადი არგუმენტები, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში, ამ ეტაპზე ლამის მონოპოლისტურ და უნიკალურ მდგომარეობაში აყენებენ. ჩვენ ამ პირობებში კვლავინდებურად ორი ძირითადი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი: 1) ხელისუფლებამ არ დაუშვას ფატალური და გამოუსწორებელი შეცდომები და 2) დესტაბილიზაციით, ომით და არასტაბილურობით დაინტერესებული ჩვენი „მეხუთე კოლონის“ მაქსიმალური ნეიტრალიზაცია მოახდინოს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0