
"ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილის რამენაირად გამართლების მცდელობას ეხმიანება. როგორც ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის მოქმედებები ძალიან ჰგავს ვითარებას, როცა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშზე უარს ამბობს და უფრო სუსტ, პირველ ლიგაში ნებაყოფლობით გადასვლას ცდილობს.
დავით ქართველიშვილი ცდილობს რადიკალების საქციელის ამოცნობას და აცხადებს, რომ მათი მოქმედებები ლოგიკასაა მოკლებული.
„როდესაც უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობა გეძლევა და ფედერაცია გაძლევს შენთვის განკუთვნილ მანდატს, ამ დროს შენ უმაღლეს ლიგაში თამაშზე უარს აცხადებ და პირველ ლიგაში თამაშის მიზნით (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაქვს მხედველობაში) მიდიხარ ფარულ კოლაბორაციულ შეხვედრებზე.
ოპოზიციის ლოგიკას მინდა ჩავწვდე - როდესაც დიდ მოედანზე თამაშის შანსი გეძლევა, ანუ გაქვს შესაძლებლობა შენი ამომრჩევლებისგან მიღებული ვალდებულებები დიდი ტრიბუნიდან გააჟღერო, ამაზე უარს ამბობ პრინციპების გამო და ახლა ჩუმად ცდილობ კოლეგების რამენაირად მოტყუებას, რათა შეძვრე იმ საარჩევნო ბატალიებში, რასაც ოქტომბრის არჩევნები ჰქვია?" - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
0
0