
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მთავარი რესურსი რეგიონში ახლა უსაფრთხოება, პროგნოზირებადობა და ლოჯისტიკური სანდოობაა და სწორედ ამ კომპონენტზე უნდა ააგოს საქართველომ თავისი პოზიცია, რადგან კრიზისის პირობებში ყველაზე მეტ მოგებას იღებს ის ქვეყანა, რომელიც მშვიდობისა და ტრანზიტის პლატფორმად რჩება.
მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ოფიციალური თბილისისთვის სწორი სტრატეგია დღეს უნდა იყოს მკაცრი ნეიტრალიტეტი, დერეფნების უსაფრთხოების ხაზგასმა და დიპლომატიური პლატფორმის როლი, ანუ საქართველო როგორც სივრცე ტექნიკური დიალოგისა და კომუნიკაციისთვის რეგიონში.
„დღესდღეობით, ირანული დრონებით ნახიჩევანის (აზერბაიჯანი) აეროპორტის დაბომბვის ფაქტი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური მოვლენაა. თუ ამ ყველაფერს მაქსიმალურად პირდაპირ დავარქმევთ სახელებს: ირანის დრონების დარტყმა ნახიჩევანის აეროპორტზე, ეს არ არის „შემთხვევითი ეპიზოდი“, ეს არის (მათ შორის) დემონსტრაციული დარტყმა ე.წ. „ტრამპის კორიდორის“ (TRIPP/ზანგეზურის კორიდორი) ლოგიკასა და იმიჯზე. არა იმიტომ, რომ ამით თავად ეს ჯერ არარსებული დერეფანი ფიზიკურად განადგურდა (ის ჯერ კიდევ დიდწილად პოლიტიკური და შეთანხმებითი პროექტის ეტაპზეა), არამედ იმიტომ, რომ დარტყმა მიადგა მთელ კონსტრუქციაში მთავარ საყრდენ წერტილს - ნახიჩევანს. სწორედ ეს ტერიტორია უნდა გამხდარიყო კვანძი აზერბაიჯანის, ნახიჩევანისა და თურქეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურისთვის, ანუ დარტყმა აეროპორტზე არის სიგნალი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ გეოპოლიტიკური პროექტის მისამართით.
შემდგომი მოსაზრება კიდევ უფრო მკაფიოა: ირანი ურტყამს არა ბეტონს, არამედ რეგიონის ახალი გეოგრაფიის იდეას, რომელიც მისი გვერდის ავლით უნდა აშენდეს. საუბარია აღმოსავლეთ–დასავლეთის ახალ სატრანსპორტო მარშრუტებზე სამხრეთ კავკასიაში და აზერბაიჯან–თურქეთის სტრატეგიულ კავშირზე, რომელსაც თეირანში აღიქვამენ, როგორც საკუთარი გავლენის შეკუმშვას. დიდი რეგიონული ომის პირობებში ირანი მოქმედებს „ფართო ზეწოლის“ სტრატეგიით: დარტყმები ინფრასტრუქტურაზე, ავიაციაზე, სატრანსპორტო კვანძებზე, რათა მეზობლებსა და გარე მოთამაშეებს დაანახოს, რომ ახალი დერეფნების შექმნა მათთვის ძალიან ძვირი და სარისკო საქმე იქნება.
რა შეიძლება ამას მოჰყვეს შემდგომში: პირველი სცენარი - ინფრასტრუქტურაზე პერიოდული დარტყმები გაგრძელდება, მაგრამ ისეთი დოზით, რომ რეგიონი მუდმივ დაძაბულობაში იყოს და პარალელურად მიმდინარეობდეს პოლიტიკური ვაჭრობა; მეორე სცენარი - „თურქეთის ფაქტორის გაძლიერება“: თუ ნახიჩევანი კვლავ აღმოჩნდება დარტყმების სამიზნე, ანკარა იძულებული იქნება გააძლიეროს სამხედრო და საჰაერო თავდაცვის კომპონენტი რეგიონში; მესამე სცენარი - „კორიდორის დაპაუზება“: ზანგეზურის დერეფნის იდეა დროებით გადაიწევს, რადგან ნებისმიერი ინვესტიცია და ლოჯისტიკური პროექტი მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს და პოლიტიკურ სტაბილურობას. შედეგად კორიდორი შეიძლება საერთოდ არ გაქრეს, მაგრამ მისი ფასი და პოლიტიკური რისკები მკვეთრად გაიზრდება.
ამ ფონზე საქართველოსთვის იხსნება სტრატეგიული შესაძლებლობის დამატებითი ფანჯარა. სამხრეთ კავკასიაში თუ რომელიმე ქვეყანა შეძლებს საკუთარი თავის პოზიციონირებას როგორც სტაბილური, პროგნოზირებადი და უსაფრთხო სატრანზიტო სივრცე - ეს სწორედ საქართველოა. უბრალოდ, მაქსიმალურად მყისიერად და ხისტად უნდა მოხდეს ადგილობრივი პოლიტიკური "შაჰიდების" და პროვოკატორების განეიტრალება მოქმედი კანონის და რეგიონული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. დღეს პოლიტკორექტულობას და "სენტიმენტებს" ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს!
პოლიტიკური თვალსაზრისით, თბილისისთვის სწორი სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს სამ პრინციპს:
მკაცრი ნეიტრალიტეტი და დერეფნების უსაფრთხოების ხაზგასმა - საქართველო არის ტერიტორია, სადაც არ ხდება სამხედრო ესკალაცია; ტრანზიტის ტექნიკური გაძლიერება - საბაჟო, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, რათა ნებისმიერი კრიზისის დროს ტვირთებისა და გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტი სრულ გამართულ მდგომარეობაში იყოს; დიპლომატიური პლატფორმის როლი - საქართველო როგორც სივრცე ტექნიკური დიალოგისა და კომუნიკაციისთვის რეგიონში.
შუალედური შეფასება კი ასეთია: ნახიჩევანზე დარტყმა არის დარტყმა იმ ილუზიაზე, თითქოს კორიდორები შეიძლება აშენდეს გეოპოლიტიკური კონფლიქტებისგან დამოუკიდებლად. ახლა მთავარი რესურსი რეგიონში არის უსაფრთხოება, პროგნოზირებადობა და ლოჯისტიკური სანდოობა. სწორედ ამ სამ კომპონენტზე უნდა ააგოს საქართველომ თავისი პოზიცია, რადგან კრიზისის პირობებში ყველაზე მეტ მოგებას იღებს ის ქვეყანა, რომელიც მშვიდობისა და ტრანზიტის პლატფორმად რჩება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0