
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება შიო მესამის არჩევას ახალ კათოლიკოს-პატრიარქად და წერს საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გამოცემა Reuters-მა პროცესს „სამხრეთ კავკასიისთვის გარდამტეხი მომენტი“ უწოდა, ხოლო სხვა გამოცემამ ყურადღება გაამახვილა შიო მესამის კრიტიკაზე „ლიბერალური იდეოლოგიების“ მიმართ. ქართველიშვილის აზრით, დასავლური მედიისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არაა მხოლოდ რელიგიური საკითხი:
„დასავლური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი პატრიარქის არჩევას აღიქვამს ცივილიზაციური არჩევანის ნაწილად: დარჩება თუ არა საქართველო საკუთარ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ იმ ეპოქაში, როდესაც გლობალური ლიბერალური დღის წესრიგი სულ უფრო ძლიერ ზეწოლას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაზე“ - წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამ დასავლური მედია გააერთიანა საღი აზრის გარშემო, მაგრამ ქართული მედია კვლავ რჩება "პრეზიდენტ" ზურაბიშვილისა და "პატრიარქ" დოროთე პირველის ტყვეობაში.
„ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა საქართველოში მოექცა საერთაშორისო მედიის, ანალიტიკური ცენტრებისა და გეოპოლიტიკური დამკვირვებლების ყურადღების ცენტრში. დასავლურმა მედიამ პირდაპირ აღნიშნა, რომ საუბარია არა უბრალოდ ახალი სასულიერო ლიდერის არჩევაზე, არამედ იმაზე, თუ რა გზით წავა ქვეყანა ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის შემდეგ. Reuters-მა პროცესს „სამხრეთ კავკასიისთვის გარდამტეხი მომენტი“ უწოდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მართლმადიდებლობა საქართველოში დღემდე ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება.
დასავლურ გამოცემებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ პატრიარქ შიო მესამეს, როგორც კონსერვატიული და ტრადიციული ხაზის გამგრძელებელს. გამომცემლობა Carnegie Endowment პირდაპირ წერს, რომ მეუფე შიო წლების განმავლობაში მკვეთრად აკრიტიკებდა „ლიბერალურ იდეოლოგიებს“, რომლებიც, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოსა და ეროვნულ თვითმყოფადობას.
სწორედ ამიტომ, დასავლური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი პატრიარქის არჩევას მხოლოდ რელიგიურ ჭრილში აღარ განიხილავს - ისინი ამას უკვე აღიქვამენ, როგორც ცივილიზაციური არჩევანის ნაწილს: დარჩება თუ არა საქართველო საკუთარ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ იმ ეპოქაში, როდესაც გლობალური ლიბერალური დღის წესრიგი სულ უფრო ძლიერ ზეწოლას ახდენს სხვადასხვა ქვეყნებზე - ამ კითხვებს სვამს carnegieendowment.org
ამავე დროს, დასავლური მედიის ნაწილმა ღიად აღიარა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე რჩება ქვეყნის ყველაზე გავლენიან ინსტიტუტად. Reuters-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს და ეკლესია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ პროცესებზე. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი პატრიარქის არჩევა პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ სარწმუნოებასთან, არამედ ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ, კულტურულ და მორალურ კურსთან.
განსაკუთრებით სიმბოლურია ისიც, რომ ასეთ რთულ რეგიონში, სადაც ძალაუფლების გადაცემა ხშირად კრიზისებით, დაპირისპირებითა და გარე ჩარევებით სრულდება, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ისტორიული პროცესის მშვიდობიანად გავლა. დასავლურმა მედიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ საპატრიარქო არჩევნების გარშემო მიმდინარეობდა მწვავე ბრძოლა სხვადასხვა გავლენების, მათ შორის გარე პოლიტიკური ინტერესების მონაწილეობითაც.
თუმცა, საბოლოოდ საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, რომ ეკლესია კვლავ რჩება იმ ღერძად, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოსა და საზოგადოების შეკავება დესტაბილიზაციისგან. ამაზე ამახვილებს ყურადღებას გამომცემლობა
Jamnews in English და დასძენს, რომ დღეს უკვე აშკარაა: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში.
Reuters-ი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იმითაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბრძოლა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიებისთვისა და ენერგომარშრუტებისთვის, არამედ იმისთვისაც, ვინ შეძლებს საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. ამრიგად, გუშინდელმა დღემ თუ საღი აზრის გარშემო გააერთიანა დასავლური მედიაც კი, ქართულ სადეზინფორმაციო საშუალებებს მაინც არაფერი ეშველა და ისინი რჩებიან "პრეზიდენტ" ზურაბიშვილის და "პატრიარქ" დოროთე პირველის ტყვეობაში, КГБ-ს ეფრეიტორ სააკაშვილის გათავისუფლების მისიით შეპყრობილები“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0