
ჩემი კოლეგები ახლაც შეკრებილი არიან უნივერსიტეტის ეზოში, ყოველგვარი პოლიტიკისგან დაცლილი. ბატონ მინისტრთან ერთად ვიმსჯელებთ რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განაცხადა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მას საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის უნდა გაეცნო, შემდეგ კი მსჯელობა გაგრძელდებოდა.
„მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ პირველივე დღიდან შევხვდი როგორც აკადემიური საბჭოს წევრებს, წარმომადგენლობით საბჭოს წევრებს, დეკანებს, პროფესორებს, ახალგაზრდებს ვხვდები დღეში ორჯერ. ჩვენი გადაწყვეტილება ასეთია, რომ ბატონი მინისტრის განცხადების შემდგომ ჩვენ ფაკულტეტებზე, ინსტიტუტებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებაში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის სახელმწიფოში სახელმწიფო, ეს არის უდიდესი ინსტიტუცია, ცოდნის ტაძარი, სადაც ადამიანებს სტუდენტებისა და მეცნიერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ამ მასალას ვამუშავებთ. ჩემი კოლეგები ახლაც შეკრებილი არიან უნივერსიტეტის ეზოში და ყოველგვარი პოლიტიკისგან დაცლილი ვიმსჯელებთ ბატონ მინისტრთან ერთად რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა გურგენიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჰუმანიტარული მიმართულებებისა და დუბლირებული ფაკულტეტების დათმობის შეთავაზება, გურგენიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი, ერთი წელია, მიმდინარეობდა და ფაქტობრივად შეჯერებული იყვნენ.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ 30 წელიწადია უმაღლესი განათლების მესვეურები ველოდებოდით განათლების რეფორმას, უღრმესი მადლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომ ეს რეფორმა დაიწყო. ამ თემაზე ჩვენ, ერთი წელია, ვსაუბრობთ. ვსაუბრობდით ასევე ფაკულტეტებზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, სოციალურ მეცნიერებებზე და ვიყავით ფაქტობრივად შეჯერებული. შემდგომში ბატონმა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. კონსულტაციების მერე ჩვენ შევჯერდით, რომ მე მოვახსენებდი აღნიშნულს საუნივერსიტეტო საზოგადოებას, შემდეგ კი გავაგრძელებდით მსჯელობას უნივერსიტეტის მომავალზე.
მინდა, გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალია სწავლის ხარისხი, თუმცა ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს, როგორც მთავრობას, ისევე მე. თემაზე, თუ რა საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლა შეიქმნება, ბატონ მინისტრთან გვექნება საუბარი, ჩემს კოლეგებთან საუბრის მერე. ბატონი მინისტრი არ გახლავთ თბილისში. ჩემი ინფორმაციით, ქართველოლოგიის ცენტრს სტუმრობს ისრაელში, როგორც კი ჩამობრძანდება, იმ წუთში გვექნება კონსულტაციები მასთან“, – აღნიშნა გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ასევე სტუდენტები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. საპროტესტო აქცია ასევე გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამასთან, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
0
0