26/03/2023
18:33
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ნაწილის განცხადებით, დღევანდელ ყრილობაზე განსხვავებული შეხედულებების გამო არ მიიწვიეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, ცდილობენ, პარტიაში განსხვავებული აზრი მოსპონ.
„იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებმა ის შეასრულონ, რასაც სატელევიზიო ეთერებიდან მოგვიწოდებენ, გაერთიანებისკენ, ერთად მოქმედებისკენ და ბრძოლისკენ, ყოველდღე ვხედავთ, რომ პარტიას ხლეჩენ, ყოფენ ადამიანებს, დევნიან. ცდილობენ, რომ პარტიაში განსხვავებული აზრი მოსპონ. ცდილობენ, რომ პარტიულ ჩარჩოებში ჩაკეტონ. საკუთარი პარტიული სტრუქტურა შექმნან, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებს მოემსახურება და არა საერთოს“, - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის ანა კოპაძის განმარტებით, ახალ მენეჯმენტს არ სურს, რომ ახალგაზრდებს დაეკონტაქტოს და მათი აზრები გაითვალისწინოს.
„მოსვლის პირველივე დღიდან, ახალი მენეჯმენტი უარს აცხადებს და სურვილსაც არ გამოთქვამს,რომ დაეკონტაქტოს ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდნენ. მოსვლის პირველივე დღიდან, ოთახი, რომელშიც ახალგაზრდების ოფისი იყო, ახალი თავმჯდომარის პირადი დაცვის ოთახად გადაკეთდა. ეს არის სრულიად მიუღებელია, რადგან აშკარა ხდება ის, რომ არ აინტერესებს ამ ადამიანს ახალგაზრდების აზრი, არ აინტერესებს რას ფიქრობს ახალი თაობა“,- განაცხადა კოპაძემ.
ბრალდებებს „ნაციონალურ მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში პასუხობენ და აცხადებენ, რომ „ტყუილია“.
„ტყუილია, რომ ვინმე გათვალისწინებული არ იყო. ტყუილია, რომ ვინმე „მოვტეხეთ“, ეს ასე არ არის“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ტიტე გედენიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა დღეს იმართება.
0
0