
როგორც სირიელმა მეამბოხეებმა განაცხადეს, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, დამასკოს გარეუბნის, ჰარასტას სამხედრო ჰოსპიტალში 40-მდე ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებსაც წამების ნიშნები აღენიშნებოდათ.
სააგენტო ფრანს-პრესის ინფორმაციით, რამდენიმე ცხედარს სახესა და ტანზე ჭრილობები და სისხლჩაქცევები ეტყობოდათ. მათ ასევე ტანზე წებოვანი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული, რომლებზეც აღნიშნული იყო ნომრები და სახელები. გაურკვეველია, რამდენ ხანს ინახებოდა ცხედრები მორგში. სირიის არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ჰარასტაში ცხედრები საიდნაიას ციხიდან გადაიყვანეს, რომელიც დამასკოს ჩრდილოეთით მდებარეობს. ცხედრები მას შემდეგ იპოვეს, რაც სირიის სამოქალაქო დაცვამ განაცხადა, რომ საიდნაიას ციხის საიდუმლო საკნებსა და სარდაფებში შესაძლო დაკავებულების სამძებრო ოპერაცია დასრულდა.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის განცხადებით, ასადის მთავრობის ციხეებში 60 000-მდე ადამიანი აწამეს და მოკლეს.
უფლებადამცველი ჯგუფების თანახმად, 100 000-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა, როდესაც ასადმა, 2011 წელს, დემოკრატიული პროტესტის სასტიკი ჩახშობის ბრძანება გასცა, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია.
0
0