
მე მხოლოდ 48 საათი გავატარე „მოდულში“. დაკითხვისას ჰქონდათ უცნაური კითხვები, რატომ ვეპრანჭებოდი კამერის წინ ჩემსავე ქმარს. იყო კეკლუცობისა და ქალური სიტუაციების გარკვევა. ცოტა ვერ მივხვდი, ორი უცხო ადამიანი, მამაკაცები რატომ უნდა იყვნენ ამით დაინტერესებული, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, ნათია გედენიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
გედენიძის თქმით, დაკითხვის დროს მას აჩვენეს მისივე ფოტო, რომელიც მეუღლე ირაკლი გედენიძემ სახლში გადაუღო და უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ტექტს კამერასთან არ ჩაწერდა, ფოტოს როგორც შვილები, ასევე სხვებიც ნახავდნენ.
„ბნელი ოთახი იყო და მაგიდაზე ამობრუნებული ფაილები ელაგათ. შენ კარგად უნდა დაფიქრდე, რომ მარტო ცოლი კი არა, დედაც ხარ და ორი შვილი გარეთ გელოდება, რომ არც იციან, სად ხარო. საუბარი მიდიოდა იმაზე, როგორ მენატრებოდა შვილები და როგორი დედა და მეუღლე ვიყავი. შენ ბიჭიც და გოგოც გყავსო, ახლა ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, ამას რომ ნახავ, შენი შვილებიც ნახავენო, არა მარტო შვილებიო, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო. ამისთვის იცი, რა უნდა გააკეთოო? რვეულის ფურცელზე იყო ხელით ნაწერი და აქ რაც წერია, უნდა დაიზეპიროო და აუცილებლად უნდა ისაუბრო კამერასთან ამაზეო. ამის შემდეგ ჩვენ შევთანხმდებით ამის გზაკვალზეო. არც ის ვიცი, რა წერია, არც ის ვიცი, აქ რა არის. უკვე მამზადებენ რაღაცისთვის. გასაგებია-მეთქი. ველოდები მეორე ეტაპს და აბრუნებენ პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილზე ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს ჩემი მეუღლის გადაღებულს, ჩვენსავე სტუდიაში. განათებას რომ ასწორებდა ხოლმე, სატესტოდ იღებდა ხოლმე. მე იქვე ვიყავი, როგორც ობიექტი, სახლის ლუქით. ეს ფოტო რატომ უნდა ყოფილიყო კომპიუტერში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიანო. დავხედე და ფოტოზე ისეთი არაფერი არ არის, რაც კითხვებს ბადებს, მაგრამ არის საოჯახო, საკუთარი, პირადული. მე უკვე წარმოვიდგინე, რომ ვიდრე ამას ამობეჭდავდნენ, ამას რამდენი ადამიანი და რამდენი მამაკაცი განიხილავდა. შემდეგ ყურებში მქონდა დახშული ხმები და მერე დავკარგე გონება. დამჭირდა ექიმის ჩარევა, რომელიც მერე ჩვენი შემდგომი გამოძიების პირობებში აღმოჩნდა ის ექიმი, ვინც გამიწია პირველადი დახმარება და რაღაც პერიოდი მე აღარ ვიყავი ვარგისი შემდგომი საუბრებისთვის. თუმცა ამ საკითხს დაუბრუნდნენ ძალიან მალე იგივე ადამიანები. გვერდში ეჯდათ ვიღაც ადვოკატი, რომელიც ხელს აწერდა სავარაუდოდ დოკუმენტებს ადვოკატის სტატუსით.
რაღაც პერიოდის მერე დაადგინეს, რომ ჩემი სტატუსი უკვე საკმარისი იყო, რათა გაეგრძელებინათ ჩემთან საუბარი, მე კვლავ გამიყვანეს იმ ბნელ ოთახში. მომაწოდეს ის დაწერილი ტექსტი, ხელნაწერი, უჯრებიან ფურცელზე. ტექსტში ეწერა, რომ მე თურმე ბოლო პერიოდი ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ძალიან აფორიაქებულია, სახლში ადგილს ვერ პოულობს და მეუბნება, შარში ვარო. ვეუბნები, რომ ბოლო პერიოდში მე და ჩემი მეუღლე პრაქტიკულად არც კი გადავკვეთილვართ-მეთქი სახლში, ისე დაემთხვა, რომ ერთად არ ვყოფილვართ, მივლინება-მივლინებაზე ჰქონდა მიბმული და ასეთი ფაქტი არ მომხადარა-მეთქი. ეგ ვინ იცისო და აუცილებლად უნდა მეთქვა – „შარში ვარო“. ასეთი ფაქტი არ მომხდარა და ამ მონაკვეთზე მოკლედ უარი ვუთხარი და კიდევ გარკვეულ მონაკვეთებზეც, რაც კატეგორიულად ცდებოდა ყველანაირ რეალობას. მაგალითად, ის, რომ ირაკლი იყო აღელვებული, რომ ვეღარ ვცნობდი ბოლო პერიოდი, ის, რომ შარში იყო და ის, რომ რაღაც თანხებს ველოდები. ასეთი ნიუანსები იყო, ვითომ არაფერი, მაგრამ ყველაფერი ხომ ერთ მთლიანობას კრავდა, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. როგორც მივხვდი, ეს იყო მეორე დღე, მეუბნებიან, რომ უნდა დავიზეპირო ტექსტი, შენი ფორმა მიეცი ყველაფერსო, თუ არადა ეს ფოტო მოხვდება ყველგან და შენი სახლისკენ მიმავალ გზას თავად დაივიწყებო, ვეღარ იქნები სრულყოფილი დედა და შენი შვილებისთვის იქნები სასირცხვილოო. კარგად უნდა დაიზეპიროო, უნდა ჩაწერო კამერასთანო და მაჩვენებენ კიდევ ფურცელს, სადაც მხოლოდ ვხედავ სიტყვა გათავისუფლებას. გამოკვეთილად იყო დაწერილი. ამას მერე მოაწერ ხელს და ჩაგახუტებთ შვილებსო“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.
0
0