
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნა.
კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა ზემოაღნიშნული ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ბ.ტ. 2023 წლის 14 მარტს დააკავა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0