21/11/2024
16:17
პოლიტიკა
ჩვენი ლეგიტიმაცია ამ მოწვევის პარლამენტს არ ექნება. როგორი ფორმით გავაკეთებთ ამას, საერთოდ არავის საქმე არ არის. კარგად მახსოვს ის ხალხი, რომელიც იფიცებოდა და კიდევ ბევრ რაღაცას აკეთებდა, მანდატები ჩახსნა და შემდეგ მშვენივრად შეცუნცულდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს ძალიან პრაგმატული პოზიცია და არანაირ წნეხს არ ექვემდებარებიან.
„რაც შეეხება მანდატების საკითხს, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ მოწვევის პარლამენტს არ ექნება. მეორე – ამას ჩვენ როგორი ფორმით გავაკეთებთ, საერთოდ არავის საქმე არ არის. მეორე მხრივ, ჩვენ არ ვექვემდებარებით წნეხს და ზეწოლას, არც „ნაცებისგან“ და არც „ოცნებისგან“, რისი მცდელობებიც დღეს ერთის მხრიდანაც არის და მეორეს მხრიდანაც. ვურჩევდი, თავის საქმეს მიხედონ. ძალიან კარგად მახსოვს და არ მინდა, გავახსენო მაგალითად, 2020 წლის არჩევნები, მე მაშინ ცოტა სხვა მხრიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს. ძალიან კარგად მახსოვს ის ხალხი, რომელიც იფიცებოდა და კიდევ ბევრ რაღაცას აკეთებდა, მანდატები ჩახსნა და შემდეგ მშვენივრად შეცუნცულდნენ პარლამენტში. ეს ხალხი დღეს ვიღაცას რაღაცას რომ მოუწოდებს, თავის თავს მიხედოს ყველამ. ჩვენი პრაგმატული პოზიცია მდგომარეობს შემდეგში – ჩვენ არ ვექვემდებარებით არანაირ წნეხს, არც „ნაციონალური მოძრაობისგან“ და არც „ოცნებას“ არ ჩავუგდებთ ხელში ბერკეტს, საბოლოო ჯამში თავისივე კენჭისყრით გადაწყვიტოს, როცა მოუნდება მაშინ მოგვიხსნის მანდატს თუ არ მოგვიხსნის. რატომ უნდა გავხდე მე მოწყვლადი და დამოკიდებული ან „ნაცების“ რაღაც სპეკულაციაზე, რაღაც რიტუალებზე, ჯგუფურ რაღაც რიტუალებზე, ან „ოცნებას“ რატომ უნდა ჩავუგდო ხელში წინასწარ ის ინსტრუმენტი, რითაც შემდეგ უნდა გამოვიდეს და რაღაც სისულელეები ილაპარაკოს. ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო, პრაგმატული პოზიცია გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, გიორგი გახარია ამბობს, რომ არ აინტერესებს, რა თქვეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მიმართულებით. მისივე შეფასებით, დაფინანსების კუთხით კითხვები უნდა დაესვას სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც „უეცრად, არჩევნებამდე ერთ თვეში მილიონები გამოუჩნდათ“.
„არც არანაირ რჩევას არ მივცემ, ეს არ არის ჩემი საქმე. შემიძლია გითხრათ ჩემი პოზიცია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ტექნიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ. დაფინანსება ხომ არ არის პოლიტიკური, ქვეყნის გადარჩენის, არჩევნების ან დემოკრატიის ან ევროპული მომავალის საკითხი. ყველას თავისი წესები და არგუმენტები აქვს, რითიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არ არის ჩემი საქმე, როგორც უნდათ, ისე გადაწყვიტონ.
მე არავის არაფერს ვურჩევ. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც დაფინანსებისგან ყველა გზა გადაგვიკეტეს, მე რომ მისვამთ ამ კითხვას, რატომ არ ეკითხებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მაგალითად, უეცრად, არჩევნებამდე ერთ თვეში მილიონები გამოუჩნდათ. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, საიდან გამოუჩნდათ ეს მილიონები, მაგრამ გირჩევთ, აქაც დაინტერესდეთ და ჰკითხოთ. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ლეგიტიმაციას არ მივცემთ, დაფინანსებასთან დაკავშირებით გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ დაფინანსებასაც არ მივიღებთ. რა ფორმით და როგორ გავაკეთებთ ამას, არავის საქმე არ არის, მით უმეტეს, იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებმაც სჯობს, თავის თავს მიხედონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
0
0