
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად იმუშავებს და ამ პროცესში ჩასართავად კარი ყველასთვის ღიაა.
ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის მავნებლობასა და დემაგოგიას საზღვარი არ აქვს.
„12 რეკომენდაციაზე მუშაობა თუ ფარსი იყო, მაშინ ამ მუშაობამ შედეგი რატომ გამოიღო? – დამერწმუნეთ, რომ შედეგი სწორედ ამ მუშაობამ და პარტნიორებთან მუდმივმა კონსულტაციებმა გამოიღო. ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა და მოლოდინი გვაქვს, რომ სტატუსს მივიღებთ. რაც შეეხება 9 რეკომენდაციას, ამაზეც ფართომასშტაბიან სამუშაოებს წამოვიწყებთ. კარი ყველასთვის ღიაა, კეთილი ინებონ და დერეფნიდან ნუ გვეძახიან, რომ პროცესი ფარსია. შემობრძანდნენ და გვითხრან არგუმენტები, სად არის ფარსი და სად – სინამდვილე. 9 რეკომენდაციას პირნათლად შევასრულებთ და ნახავთ, რომ 15 დეკემბერს შედეგი არ დააყოვნებს. ოპოზიციის მავნებლობასა და დემაგოგიას საზღვარი არ აქვს. ჩვენ რომ იტალიასა და საფრანგეთს შორის ვიყოთ, სტატუსს ველოდებოდეთ და რეკომენდაციებზე ვმუშაობდეთ, ოპოზიცია მაინც იტყოდა, რომ სტატუსუს მიღება არა გეოპოლოტიკის, არამედ მერცხლების, სუფთა ჰაერის ან ლურჯი ცის ბრალია. ესენი არიან მავნებლები, უქნარები, არაფრის მკეთებლები. ყოველთვის უსაქმური და მავნებელი საქმიანს ერჩის. კუს და მორიელის ამბავი მახსენდება. სხვათა შორის, ცივ მდინარეზე მათი გადაყვანა ჩვენ მოგვიწევს. გვკბენენ, მაგრამ არაუშავს. ყველა კბენის პასუხს 2024-ში მიიღებენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
0
0