
კენიის პოლიციამ, დედაქალაქ ნაირობიში, მამაკაცი დააკავა, რომელიც 9 ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. "სერიული მკვლელის" მიერ დასახიჩრებული სხეულები მუკურუს კარიერზე გადაყრილი იპოვეს, რომელიც ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, 33 წლის კოლინ ჯომაისი ხალუშამ აღიარა, რომ 2022 წლიდან, მან 42 ქალი მოკლა, მათ შორის საკუთარი ცოლი. ეჭვმიტანილი ერთ-ერთ ბარში დააკავეს, როდესაც ის ევროფინალს უყურებდა. როგორც BBC-ი წერს, ბევრ კენიელს აინტერესებს, თუ როგორ შეიძლებოდა პოლიციისგან შეუმჩნევლად, ორი წლის განმავლობაში, 42 ადამიანის მოკვლა.
„დაკავების შემდეგ, ეჭვმიტანილმა პოლიციის თანამშრომლები თავის სახლში მიიყვანა, რომელიც დანაშაულის ადგილიდან 100 მეტრში მდებარეობს. პოლიციამ მედიას ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებული ნივთები წარუდგინა, მათ შორის 10 მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პირადობის მოწმობები და ქალების პირადი ტანსაცმელი. მათ ასევე იპოვეს მაჩეტე, რომელსაც, სავარაუდოდ, მკვლელი მსხვერპლთა დასახოცად იყენებდა, და ცხედრების მოსათავასებელი 9 ტომარა. პოლიციამ ალყა შემოარტყა ნაგავსაყრელს, სადაც ცხედრები იპოვეს. მოკლული პირები 18-დან 30 წლამდე არიან. მობილური ტელეფონის კრიმინალისტიკური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ტელეფონი ეკუთვნოდა ერთ-ერთ მსხვერპლს, ჟოზეფინ მულონგო ოვინოს, რომელმაც რამდენიმეჯერ მობილური ტრანზაქცია განახორციელა სწორედ [თავისი] გაუჩინარების დღეს. მკვლელობის მოტივის დასადგენად ეჭვმიტანილის დაკითხვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში მას სასამართლოს წარვუდგენთ,“ - განაცხადა კრიმინალური გამოძიების დირექტორატის ხელმძღვანელმა მოჰამედ ამინმა.
ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ამ დროისთვის კარიერში ცხრა ცხედარია ნაპოვნი, თუმცა ადგილობრივი პირები ამბობენ, რომ რაოდენობა უფრო მეტია. როგორც ცხედრების ამოღებაში მონაწილე პირმა BBC-ს განუცხადა, მან 16 ცხედარი დათვალა და ყველა სასტიკად იყო დასახიჩრებული.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026