10/11/2023
12:21
მსოფლიო
9 ნოემბერს ასტანაში ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
რესტორან BAU-ში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ ბიშიმბაევის ცოლის, სალტანატ ნუკენოვას სხეული იპოვა. ქალს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა აღმოაჩნდა. რესტორანი წყვილის დაკვეთით იყო დაკეტილი, მკვლელობის მომენტში შენობაში მხოლოდ ცოლ-ქმარი და პერსონალი იმყოფებოდა. გამოძიების თქმით დაკავებული ბიშიმბაევი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
რესტორანის პერსონალის თქმით წყვილი რესტორანში 8 ნოემბერს მივიდა და გარეთ საერთოდ არ გასულა, 9 ნოემბრის საღამოს ცოლ-ქმარს ე.წ. VIP-ლაუნჯში ყოფნისას კონფლიქტი მოუვიდათ, ვერბალური შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სასწრაფო დახმარების მანქანა ოფიციანტმა გამოიძახა.
1980 წელს დაბადებული ბიშიმბაევი ყაზახეთის მთავრობაში მაღალ თანამდებობებს 2017 წლამდე იკავებდა. 2009-2010 წლებში იყო პრეზიდენტ ნაზარბაევის მრჩეველი. მოგვიანებით გახდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2013-დან 2016 წლამდე იკავებდა ეროვნული ჰოლდინგ ბაიტარეკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, 2016 წელს რამდენიმე თვე იყო ეკონომიკის მინისტრი.
2017 წელს ბიშიმბაევი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, 2018 წელს მას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ყოფილი მინისტრი ციხიდან ერთ წელში შეწყალების საფუძველზე გამოვიდა.
0
0