
მარიტა გუტაშვილის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაიცავს. ინფორმაცია „ტვ პირველს“ რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ დაუდასტურა.
ახალგაზრდა ქალს, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა, ონის მერიის შენობის ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებიან.
მარიტა გუტაშვილმა, რომელმაც შოვის სტიქიის დროს და-ძმა და ოჯახის 7 წევრი დაკარგა, ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დააზიანა.
ლონდარიძის თქმით, გუტაშვილს, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ახლობლების დაკარგვის გამო, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივი პროვოკაციებს უწყობს.
„არ უნდა ეცადონ პროვოკაციას აქეთ, მაშინ, როდესაც იციან მდგომარეობა. მე ვეცნობი შოვის საქმეს, რა მასალასაც ვეცნობი, ფოტოსურათებით ვეცნობი და შოკში ვარ, ძალიან რთულია ემოციურად ეს ყველაფერი გადაიტანო და მარიტამ ეს რეალურად ნახა. ამდენი, ასეთ მდგომარეობაში მიცვალებული ჩაიბარა და მგონი, იქაც უნდა ითვალისწინებდნენ.“ – განაცხადა მარიტა გურაშვილის ინტერესების დამცველმა.
„მთის ამბების“ ინფორმაციით, ინციდენტი 7 დეკემბერს მოხდა. მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა. მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ინვენტარის დაზიანების დროს მარიტა გუტაშვილი შეუძლოდ გახდა. მას პირველადი დახმარება ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებმა გაუწიეს.
მარიტა გუტაშვილი მომხდარზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება კი ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.
0
0