
მარიტა გუტაშვილმა, რომლის და-ძმაც და ოჯახის კიდევ 7 წევრი შოვში სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა - ამის შესახებ „მთის ამბები“ წერს.
მარიტა გუტაშვილი მომხდარზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.
სამართალდამცავებმა უკვე გამოჰკითხეს მარიტა გუტაშვილი და ინციდენტის თვითმხილველები.
„მთის ამბების“ ინფორმაციით, ინციდენტი 7 დეკემბერს მოხდა. მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა. მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ინვენტარის დაზიანების დროს მარიტა გუტაშვილი ავად გახდა. მას პირველადი დახმარება ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებმა გაუწიეს.
0
0