
დაკავება თაღლითობის ბრალდებით - გამოძიების ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ოლღა გოგალაძე მოქალაქეებს მარიამ კვირიკაშვილის სახელით ეცნობოდა, თავს კი პროკურატურის თანამშრომლად და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ძმისშვილად ასაღებდა. ქალი პოტენციურ მსხვერპლს არწმუნებდა, რომ მისი ოჯახის მფლობელობაში იყო სამშენებლო კომპანია "ორბი" და შეეძლო მათთვის ბინები საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად გადაეცა. ნდობის მოპოვების მიზნით, მას მოქალაქეები სხვადასხვა მშენებარე ობიექტებზე და წინასწარ ნაქირავებ ბინებშიც კი მიჰყავდა. დანაშაულის დეტალები დღეს სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, სადაც ბრალდებულისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.
“კურიერის” ინფორმაციითსხვებთან ერთად დაზარალებულთა ვრცელ სიაშია მამაკაცი, რომელზეც დღეს პროკურორმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ის ოლღა გოგალაძესთან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. ოჯახს სარძლო გენერალური პროკურორის უახლოესი გარემოცვის წევრად გაეცნო და არარსებულ მშენებარე ობიექტზე ბინების საყიდლად დიდი ოდენობით თანხაც გამოსძალა.
თავად ბრალდებული დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან შურისძიების მსხვერპლია და მას არანაირი თანხები არ მიუთვისებია. მიზეზად ყოფილ მეუღლესთან დაშორებას და სხვა მამაკაცზე ქორწინებას ასახელებს.
სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 20 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოლღა გოგალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ამჯერად 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0