
ავსტრალიაში, ცნობილ ბრიტანელ ზოოლოგს ადამ ბრიტონს 10 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც მან ათეულობით ძაღლზე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა. ადამ ბრიტონმა 56 დანაშაულის ჩადენა აღიარა, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველთა მიმართ სისასტიკ მოპყრობასთან. მან ასევე აღიარა ბავშვზე ძალადობის ამსახველი მასალების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ოთხი ბრალდება.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი ცხოველების სიკვდილამდე წამების სცენებს კამერით თავადვე აფიქსირებდა, შემდეგ კი ვიდეოებს ინტერნეტში ანონიმურად ავრცელებდა. ერთ-ერთ ვიდეოში კვალის აღმოჩენამდე, მისი ქმედებები წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა. ავსტრალიური Associated Press-ის ცნობით, ბრიტონი 2022 წლის აპრილში, მისი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ზოოლოგის ლეპტოპში ასევე ბავშვზე ძალადობის ამსახველი მასალა იპოვეს.
"თქვენი გარყვნილება ყოველგვარ ზღვარს სცდება", - მიმართა მოსამართლე მაიკლ გრანტმა ბრიტონს.
ბრიტონის ადვოკატის მტკიცებით, მისი ქმედებები გამოწვეული იყო იშვიათი აშლილობით, რომლისთვისაც მახასიათებელია ინტენსიური, ატიპიური სექსუალური გამოვლინებები.
ადამ ბრიტონი დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში, ზოოლოგის სტატუსით, ნიანგების შესასწავლად 20 წლის წინ გადავიდა. ადგილობრივმა პირებმა მედიას განუცხადეს, რომ ის ცხოველთა დამცველად მუშაობდა, თუმცა სასამართლოს დოკუმენტებში ირკვევა, რომ ზოოლოგი მათ მიმართ „სადისტურ სექსუალურ ინტერესს ავლენდა“.
"თანამოაზრეებთან" საიდუმლო ონლაინ მიმოწერაში ასახულია, თუ როგორ დაიწყო ბრიტონმა 13 წლის ასაკში ცხენებზე სექსუალური ძალადობა: "ბავშვობაში ცხოველებს სადისტურად ვეპყრობოდი, მაგრამ შემდეგ ამას გადავეჩვიე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისევ მომინდა ცხოველების წამება და ახლა ვეღარ ვჩერდები... მე მხოლოდ სხვის ძაღლებს ვექცევი ცუდად...," - ამბობს ბრიტონი ერთ-ერთ წერილში.
BBC-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ბრიტონმა, სულ მცირე, 42 ძაღლი, მათ შორის ლეკვები, აწამა, მათგან 39 მოკლა. ის სხვებსაც ასწავლიდა, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ მსგავსი ქმედება და დანაშაულის კვალი დაეფარათ. კითხვაზე, თუ როგორ ანადგურებდა ძაღლების ნაშთებს, ბრიტონმა უპასუხა: "ზოგს სხვა ცხოველებს ვაჭმევდი".
2028 წლის აპრილში, პატიმრობაში მყოფ ბრიტონს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება ექნება. მას ასევე უვადოდ აეკრძალება ცხოველების ყოლა.
0
0