
ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ის ციხიდან ახლახან გამოუშვეს, ამბობს, რომ პატიმრობის დროს გარკვეული პრობლემები ჰქონდა.
„რაზეც მდებენ ბრალს, ის გაკეთებული რომც მქონდეს, ამ ციხეში არ უნდა ვიყო. აქ არიან გამოუსწორებელი პატიმრები. აქ დანით დამჭრეს, შვიდჯერ დამარტყეს დანა, რის გამოც ხუთწლიანი პატიმრობა დამიმატეს. ხალხი გაგიჟებულია. თავზე შრამები მემჩნევა, თავი გადახოტრილი მაქვს და ისე დავდივარ. ათი ნაკერი დამადეს. სპეციალურად გადავიხოტრე, რომ მტკიცებულება ყოფილიყო, რათა ეს ყველაფერი ენახათ.
მარცხენა მკლავში დარტყმული დანა, მკერდში დარტყმული დანა. განწირული ვიყავი, მაგრამ ვივაჟკაცე და თავი გადავირჩინე. ამბობენ, კამერაში რაც ხდება, იმას ვერ ვაკონტროლებთო, მაგრამ ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა. ეს ქეისი მოვიგე. სასამართლო პროცესზე უნდა წავრსდგე, რათა ეს ხუთი წელი მომეხსნას.
საქართველოს მთავრობა ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ ჩემთვის არაფერი გაუკეთებიათ. მკითხეს, რა გინდაო. მე ვუთხარი: “რა შეგიძლიათ?” მითხრეს, რომ წიგნების შემოგზავნა შეეძლოთ. ლოცვის წიგნი და ხატები შემომიგზავნეთ მეთქი და ისიც არ შემომიგზავნეს", - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. ის სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა. ამჟამად, ხურციძე თავისუფალია და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს.
0
0