
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მნიშვნელოვან დეტალებზე კარგი დისკუსია შედგა.
„მადლიერი ვარ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარებისა და ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა იგრძნობოდეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საბრძოლო მდგომარეობა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტთან ძლიერი და ეფექტური საინვესტიციო და უსაფრთხოების შეთანხმების დასადებად.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან ამერიკის დელეგაციას შედეგების მიღწევის ყველაზე სწრაფი და კონსტრუქციული გზა შესთავაზა და უკრაინული გუნდი მზადაა 24-საათიან რეჟიმში სამუშაოდ.
„წარმატება გვაერთიანებს ყველას. უკრაინა-აშშ-ის ძლიერი ურთიერთობები სასარგებლოა მთელი მსოფლიოსთვის. მადლობას ვუხდი გენერალ კელოგს მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად ერთობლივი მუშაობისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0