
თბილისის მერმა და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს ნაკრებს სომხეთის ნაკრებთან გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ჩვენს ბიჭებს მინდა მივულოცო საოცარი გამარჯვება და საოცარი თამაში. ორივე შეხვედრაში გუნდმა აჩვენა მაღალი კლასი და ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა თითოეული ფეხბურთელის, მწვრთნელის, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის. ასევე, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. მე ერევანშიც ვიმყოფებოდი თამაშზე და ნამდვილად არ იგრძნობოდა ის, რომ საქართველოს ნაკრები თამაშობდა გასვლით შეხვედრას," - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძე მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა. მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედება კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, რამდენიმე ადამიანის ქმედება სომხეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს.
"რაც შეეხება კონკრეტულ ინციდენტს, ცხადია, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი. ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, ბევრმა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანა თემა, რაც, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, თუნდაც ის, რომ ეს ჩვენს ძმობას და მეგობრობას დააზიანებს, ამ კონტექსტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ.
ფაქტი აუცილებლად დასაგმობია, კატეგორიულად მიუღებელია. მაშინ, როდესაც შენ თამაშობ გასვლით შეხვედრას, ძალიან მეგობრულად მიგიღეს, ძალიან კარგი დახვედრა იყო მათი მხრიდან და ამ ტიპის ქმედებები, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია. მეორეს მხრივ, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს იმ უამრავი გულშემატკივრისთვის, რომელიც ყოველთვის ძალიან ელოდება საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრას და შეიძლება ამ ტიპის ქმედებების გამო, საერთოდ მაყურებელს აუკრძალონ სტადიონზე თამაშის ყურება და ის შეხვედრები, რომელიც საქართველოში წარიმართება, გულშემატკივრის გარეშე მოგვიწიოს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება არ მოხდება.
კიდევ ერთხელ, ჩვენს ძმობას, მეგობრობას, რაც გვაკავშირებს სომეხ ხალხთან, რამდენიმე ადამიანის უგუნური მოქმედება ვერ შეცვლის. თქვენი ტელევიზიიდან, ჩვენს სომეხ და-ძმებს კიდევ ერთხელ ძმობას, მეგობრობას ვუდასტურებ და ამ ტიპის ქმედებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ," - აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0