იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი „იმედის კვირაში“ ვეტინგის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ამბობს, რომ ვეტინგის მიზანი სასამართლოზე კონტროლის მოპოვებაა.
ის იხსენებს გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელის აშშ-ის საელჩომ პროექტიდან მოხსნა და ამბობს, რომ სასამართლოზე კონტროლის მოპოვების მსურველებს ჩხიკვაძის მსგავსი მოსამართლეები არ სჭირდებათ.
„მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძემ მასზე ზეწოლის მცდელობა, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა რომ არ დამალა და საზოგადოებას განუცხადა დაუფარავად, ასეთი მოსამართლეები მათ არ სჭირდებათ. მათ უნდათ, წინასწარ რომ დაიბარებენ მოსამართლეს, მისცემენ დირექტივას, რომ აი, ეს საქმე ასე უნდა გადაწყდეს და მოსამართლეც ხმის ამოუღებლად შეასრულებს ამ დავალებას, აი, ასეთი მოსამართლეები უნდათ.
როდესაც ფიზიკურად ვერ მოხერხდა სასამართლო კორპუსში განხეთქილების შემოტანა, ვერ მოხდა მოსამართლეების ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაეყრდნობიან ეს მავანნი და მათი მეშვეობით განახორციელებენ სასამართლო ხელისუფლების კონტროლს, ახლა ამ პრინციპის მეორე ასპექტზე გადავიდნენ, ასე ვთქვათ, მოდით, მივაღწიოთ ისეთ სიტუაციას, როდესაც სასამართლო ხელისუფლება იქნება პარალიზებული, მაქსიმალურად დისკრედიტირებული. არ ექნება ნდობა საზოგადოებაში“, – ამბობს გვრიტიშვილი.
ამავე სიუჟეტში მოსამართლე ამტკიცებს, რომ ალბანეთში ვეტინგმა სისტემის პარალიზება გამოიწვია.
„ყველაზე აგრესიული ფორმა ვეტინგისა განხორციელდა ალბანეთში, როდესაც სასამართლო სისტემაში დაახლოებით 280 მოსამართლე იყო, 2/3 მოსამართლე სისტემიდან განდევნეს სხვადასხვა ბრალდებით – კორუფცია, არაკომპეტენტურობა, არაკეთილსინდისიერება… ამან გამოიწვია ის, რომ ალბანეთის უზენაესი და საკონსტიტუციო პარალიზებული იყო, მართლმსაჯულებას ვერ ახორციელებდნენ. იგივე იყო უკრაინაში, რომ გამოაცხადეს ზარზეიმით რომ რეფორმა გატარდა უკრაინაში, ცოტა ხანში ვიხილეთ უკრაინის უზენაესის თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს“, – ამბობს გვრიტიშვილი.
დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო რეფორმის საკითხის წამოჭრას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.
„ზოგადად, თუ დავაკვირდებით, მარტივ კანონზომიერებას აღმოვაჩენთ, რომელიმე არჩევნების მოახლოებისთანავე დღის წესრიგში სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი დგება“, – ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.
დიმიტრი გვრიტიშვილის მსგავსად ლევან მურუსიძეც მიიჩნევს, რომ ვეტინგის მიზანი სასამართლოდან მოსამართლეების გაყრაა. „TV პირველთან“ მან თქვა, რომ ვეტინგი შეეხება ყველა მოსამართლეს და სისტემაში დაინიშნებიან არადამოუკიდებელი მოსამართლეები, რომლებიც „დონორების ყველა დავალებას შეასრულებენ“.
„მიზანი არის ერთი, რომ სასამართლო სისტემიდან გაყარონ მოსამართლეები და დანიშნონ ის მოსამართლეები, რომელიც მათთვის მისაღებია“, – ამბობს მურუსიძე.
0
0