29/11/2024
00:55
პოლიტიკა
ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა სხვადასხვა მექანიზმი არ უნდა იყოს შანტაჟის ფორმით გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ განცხადება აბსოლუტურად არ სვამს კითხვის ნიშანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
გივი მიქანაძის განმარტებით, ხელისუფლება მიჰყვება იმ გზას, რომელიც, პირველ რიგში, განსაზღვრულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დოკუმენტით.
„მოგეხსენებათ, გაიმართა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რაც შემდეგ პრემიერმა გააჟღერა და ცხადზე ცხადად ისაუბრა, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება უკვე მერამდენედ არის გამოყენებული რადიკალიზაციის კონტექსტში საქართველოში და ერთგვარი შანტაჟის ფორმით საქართველოსთან მიმართებით, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა სხვადასხვა მექანიზმი არ უნდა იყოს შანტაჟის ფორმით გამოყენებული. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც აბსოლუტურად არანაირად არ სვამს კითხვის ნიშანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პირიქით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც, პირველ რიგში, განსაზღვრულია იმ მთავარი დოკუმენტით, რომელსაც ჰქვია ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. სწორედ ეს შეთანხმებაა იმ ვალდებულებების შესრულება, რომლითაც საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც განვაცხადეთ და დღესაც დავადასტურეთ, რომ ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი იქნება შესრულებული 2028 წლის ბოლოსთვის, რაც მიუთითებს, რომ საქართველო უკვე მოემზადება ევროკავშირში შესასვლელად. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაყენებული საკითხი მოლაპარაკებების გახსნაზე. როდესაც ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გაქვს შესრულებული, მაშინ მოლაპარაკებების პროცესის გახსნა ძალიან მალევე ჩაიხურება, რადგან იქ უკვე დიდი ვალდებულებები აღარ არის შესასრულებელი. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის გარანტიას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული, რათა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ მშვიდად რომ გააგრძელოს განვითარება და წინსვლა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მხრიდან არ დაისმევა ეს საკითხი, რათა ვინმეს მიერ არ იყოს ეს კონკრეტული მექანიზმი გამოყენებული გარკვეული შანტაჟის ფორმით. ამ მოცემულობას არავითარ ჩრდილს არ აყენებს, პირიქით, საუბარია საქმიან პოზიციაზე, რომელიც ევროკავშირისკენ წინსვლას ითვალისწინებს. სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა კვლავაც რადიკალების მხრიდან გამოყენებულია საზოგადოებაში სიცრუის ტირაჟირებისა და საზოგადოების მოტყუების თვალსაზრისით. მათ ინფორმაცია მიაწოდეს არასწორი აღქმების კონტექსტში, თითქოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყვეტს კავშირს ევროკავშირთან, რაც სრული სიცრუეა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში სატელეფონო ჩართვისას.
გივი მიქანაძე ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მხრიდან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.
„არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა მორიგ ჯერზე სიცრუის ტირაჟირება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ამბობენ ევროკავშირიდან გრანტზე, განაგრძობენ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მისცემენ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.
0
0