
„შემიძლია, გახსნილად ვთქვა, ჩვენ ვუშვებთ, რომ შეიძლება, მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი კენჭისყრის შედეგად, მე, პირადად, ამის მოლოდინი მაქვს“, – განუცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.
მისი თქმით, ოპოზიციაში იქნება რაღაც ნაწილი, რომელსაც შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევა მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნდეს და ამის გამო გადადგას ნაბიჯი, თუმცა შესაძლოა, არავინ არ აღმოჩნდეს ასეთი, ვინც შეიძლება, იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა პასუხის გაცემას მოითხოვდა.
„ჩვენ მკაფიოდ ვაჩვენებთ ამომრჩეველს და, სხვათა შორის, საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ჩვენი მხრიდან სამართლის უზენაესობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ჩვენ არ შევეგუებით მმართველობის ისეთ პრინციპებს, რომლებიც არათავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, იმის მიუხედავად, შესაბამისი ხმები მოგროვდება და იმპიჩმენტი შედგება თუ არა, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას თუ დაადასტურებს, ეს იქნება სერიოზული პასუხისმგებლობა, მათ შორის, პრეზიდენტისთვის.
0
0