
ჩვენი ფორმულა არის ერთადერთი, რომ მაქსიმალური მოტივაცია გავუჩინოთ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლის იმისათვის, რომ მათ იცოდნენ - მათი პრობლემები და მათი გასაჭირი არის პოლიტიკურ დღის წესრიგში , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ბუაძის თქმით, კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქარტიის ერთგული რჩება.
“ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგული და იმ ვალდებულებების, რომელიც ქარტიის პირობებში ავიღეთ ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტის იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ამ ქვეყნისთვის ძალიან საკვანძო მომენტში შეასრულა მნიშვნელოვანი, მაკოორდინირებელი ფუნქცია. მან პოლიტიკური ოპოზიციის პროდასავლური და პროევროპული იდეის გარშემო გაერთიანება მოახერხა, ძალიან კონკრეტული დღის წესრიგით და ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება არის სწორედ ის ამოცანა, რომელიც შესრულებაზეც ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და მთავარი სამიზნე არის ხელისუფლების ცვლილება და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგიც ამას ერგება.
ჩვენ ჯერ უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით და ყველაფერი ზუსტად ამას ადასტურებს, რომ ივანიშვილი დამარცხდება 26 ოქტომბერს, ამიტომაც, იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ და კიდევ უფრო მეტად ხელი შევუწყოთ ივანიშვილის დამარცხებას, აუცილებელი არის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს კონცენტრირებული იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. მე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებ და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, ამომრჩეველს ეკითხოს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, ხალხს ხედვა უფრო აინტერესებს”, - განაცხადა საბა ბუაძემ.
0
0