30/05/2023
12:10
პოლიტიკა
ჩემი და ყველა ქართველის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით - ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში როგორ გადავრჩეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
კითხვაზე, რა იქნებოდა რუსეთ-უკრაინის ომის იდეალური შედეგი, პრემიერმა აღნიშნა, რომ მას საქართველოზე საუბარი სურდა, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი ისევ დგას.
„მინდა ვისაუბრო საქართველოს სიტუაციაზე, რადგან ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა, რომ მშვიდობა აღდგეს, მაგრამ მინდა, რომ ჯერ ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო. მე მესმის კითხვა, მესმის თქვენი აზრი და ფიქრები უკრაინაზე, მაგრამ ჯერ ჩვენ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს. რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ ვისურვებდი, რომ იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა, ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ საუბრობდა ადრე და ომის შემდეგ 2008 წელს. მე მგონი, საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, ყველამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა რუსეთთან ბიზნესის წარმოება და ამიტომ, ჩემი და ყველა ქართველის საბოლოო მიზანია იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავგეგმეთ ახალი მიდგომა - ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ-ია რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკების და გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, საქართველომ მიაღწია უსაფრთხოების სტაბილურობას და მშვიდობის უზრუნველყოფას. თანამედროვე ისტორიაში, როცა დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, ჩვენი მთავრობის პერიოდი არის ერთადერთი, როდესაც მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში. სხვა მთავრობების პერიოდში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი და ესკალაცია. ჩვენს პერიოდში ეს არ ყოფილა და ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს. თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ - ეს მე მგონი, საოცრებაა. ეს კარგი გამოცდილებაა, კარგი მაგალითია, ხომ ასეა?! ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ. არ ვართ ნატოს წევრი, თუმცაღა გვინდა ვიყოთ, არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ ამ რთულ სიტუაციაში", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი უკრაინის ნება იყო, გამხდარიყო ნატოს წევრი.
„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
0
0