10/01/2025
00:23
პოლიტიკა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის როლში გამოსვლაზე უარი განაცხადა, გეგმაზომიერად ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამ პოლიტიკას, რომ რამენაირად მოიშორონ ის ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას უფრო დიდ ყურადღებას უთმობს, ვიდრე დიდი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ პროექტში საქართველოს გამანადგურებელ ჩართვას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„დრო მათ ახლა აქვთ 20 იანვრამდე, ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი, მათ განცხადებას ცოტა სიგიჟის ელფერი დასდევს. ტერმინი „რუსული“ უკვე ამოწურეს, ვერაფერი ვეღარ ქნეს და დაამატეს ახლა ამას ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ა.შ. აქ ხომ არგუმენტზე არ არის ლაპარაკი, აქ ხომ საღ პოლიტიკურ პროცესზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სანამ დრო დაგვრჩენია შური უნდა ვიძიოთ იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩვენი შეკვეთა არ შეასრულა.
ჩვენ ამ პროცესს ვანეიტრალებთ იმით, რომ ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვიზრუნეთ, როდესაც თავის დროზე უარი ვთქვით საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო, ჩვენ ამით პირველ რიგში გავანეიტრალეთ საქართველოსთვის სასიცოცხლო საფრთხე, რომელიც შეიძლება მეორე ფრონტის გახსნის შედეგად საქართველოში მომხდარიყო.
ჩვენ ვიცოდით, რომ ამას მოჰყვებოდა შესაბამისი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ეს მესიჯი იყო: „არ იომებთ - დაისჯებით“. რა თქმა უნდა ეს პროცესი ამ ბოლო დარჩენილ ორ კვირაში თუ 10 დღეში მაქსიმალურად პედალირებული უნდა იქნას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0