
ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც არის 100-დღიანი უწყვეტი პროტესტის მოთხოვნა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა დანარჩენი არის პროპაგანდაა, რათა გაჩნდეს განცდა, რომ ახალი არჩევნები არ იქნება და ამით პროტესტის მუხტი მინელდეს.
„ივანიშვილის რეჟიმის განცხადებები ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის მცდელობა, რომ დღის წესრიგიდან გააქრონ ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, იმ 100-დღიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ისინი როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მისამართით გარკვეულ შიშებზე საუბრობენ, ეს მორიგი ტყუილია, რადგან სწორედ მათ ეშინიათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ისინი ცვლიან საარჩევნო კოდექსს ისე, რომ მოქალაქეებს არჩევნების თავისუფლება წაართვან.
ჩვენ არჩევნებისთვის მზად ვართ და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. სხვა დანარჩენი პროპაგანდაა, რათა კიდევ ერთხელ გააჩინონ განცდა, რომ ახალი არჩევნები არ იქნება და ამით პროტესტის მუხტი მიანელონ, რაც შეუძლებელია. ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც არის 100-დღიანი უწყვეტი პროტესტის მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ამ ქვეყანაში შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს და კონსტიტუციას არაადამიანური მოპყრობის მეთოდებით დაუპირისპირდა. სხვა დანარჩენი პროცესია. ივანიშვილის მცდელობა, დღის წესრიგიდან ახალი არჩევნები გააქრონ, ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც მთელი დრაკონული კანონები და მიზანი, რომ გაექროთ სახალხო პროტესტი“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
0
0