
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოებაში არანაირი მოთხოვნა არ არსებობს თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, ნებისმიერი არჩევნებისთვის ვართ მზად, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ვინმეს თუ ეშინია დღეს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის წარმართვის, არჩევნების ჩატარების, ეს არის „ქართული ოცნება“.
„პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ და ზოგადად, ჩვენი გუნდი, ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ მხოლოდ საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოებაში არანაირი მოთხოვნა არ არსებობს თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ მოთხოვნა არსებობს მხოლოდ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის. ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება. ეს იქნება ხელახალი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარებული ხელახალი არჩევნები, თუ რა მოცემულობაც და რა კონფიგურაციაც არ უნდა იყოს არჩევნების.
ვინმეს თუ ეშინია დღეს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის წარმართვის, არჩევნების ჩატარების, ეს არის „ქართული ოცნება“. იცით, ეს რით დასტურდება? ბოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ მათ მეტად გააუარესეს და მოირგეს საარჩევნო კანონმდებლობა. ლოგიკურად ხომ უნდა შეხედოთ პროცესებს. ხელისუფლებას არჩევნების თუ არ ეშინია, თუ მართლაც გამარჯვებულად მიიჩნევს საკუთარ თავს ბოლო არჩევნებში და არანაირი გაყალბება არ ყოფილა, მაშინ ამ კანონების ცვლილება რაში სჭირდებათ? რატომ აუარესებენ და ირგებენ უფრო მეტად საკუთარ თავზე საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც არაერთგზის შეიცვალა ბოლო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის ვართ მზად და ვემზადებით ამ პროცესისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ პირველ რიგში, ჩვენ ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის, რადგან ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს ეშინია ნებისმიერი არჩევნების, მათ შორის, ბუნებრივია, ხელახალი არჩევნების ჩატარების, ეს არის ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ეს გამოიხატება იმაში, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ, მათი ლოგიკითაც გამარჯვებულმა ხელისუფლებამ, კიდევ უფრო გააუარესა საარჩევნო კანონმდებლობა და კიდევ უფრო მოირგო საკუთარ თავზე. უშიშარი ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია საკუთარი ხალხის მხარდაჭერაში, არ აუარესებს და მეტად არ ირგებს საკუთარ თავზე საარჩევნო კანონმდებლობას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
0
0