
11 მარტისთვის, საუდის არაბეთში ჩანიშნულ შეხვედრაზე, ორი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეიკრიბებიან. საუდის არაბეთში მიემგზავრება, თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობას პირადად არ მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოადგენენ. შტატების დელეგაციის შემადგენლობაში კი, სახელმწიფო მდივანი- მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელი- სტივ ვიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი იქნებიან.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ შტატებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მზად არის. დონალდ ტრამპი კი, კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დროულად დასხდომისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ კავშირს ამერიკულ გუნდთან. ვემზადებით შეხვედრისთვის საუდის არაბეთში. მწამს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს: პოზიტიურად ვართ ამისთვის განწყობილნი — ეს უდავოა. უკრაინის მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა, უკრაინის დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე გამორჩეული წევრი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა — გამოცდილი საბრძოლო მეთაური, რომელიც სრულყოფილად იცნობს ფრონტის ხაზს და საფუძვლიანად ერკვევა ბრიგადების მდგომარეობაში. ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უკრაინის ინტერესები სრულად იყოს გათვალისწინებული — გათვალისწინებული ზუსტად ისე, როგორც მათი მნიშვნელობა მოითხოვს.
ასევე, ველოდები თავდაცვის მინისტრის მოხსენებას დახმარების ახალ პაკეტზე, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჩვენი თავდაცვითი წარმოებისთვის განკუთვნილ ინვესტიციებზე. ეს ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტებია, რაც უეჭველად ასეა. ამჟამად, თითქმის ყოველდღიურად, ჩვენი ევროპელი პარტნიორები იღებენ ახალ გადაწყვეტილებებს მხარდაჭერის შესახებ. გადამწყვეტია, რომ ეს გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ განხორციელდეს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0