
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიყავით უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯის თანასპონსორი და მხარდამჭერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტისას ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები ნათელი გამოვლინებაა რუსეთის მცდელობების, ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები ევროპაში და დაშალოს უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა კონტინენტზე.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე, ჩვენ ვცდილობდით ჩვენი ნათელი გზავნილის გავრცელებას საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ 2008 წლის ომი არ უნდა იყოს მიჩნეული განცალკევებულ შემთხვევად, არამედ უნდა იყოს განხილული რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის კონტექსტში. ნამდვილად, საქართველო უძლებდა რუსეთის აგრესიას 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც მოსკოვმა პირველი ომები სატელიტების მეშვეობით დაიწყო და შემდეგ განახორციელა აგრესიული და ძალადობრივი პოლიტიკა ომის ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით.
თუმცა, იმ დროს ჩვენ არ მიგვიღია სათანადო რეაგირება. დასავლეთში ბევრმა ჩვენი პოზიცია გაზვიადებულად მიიჩნია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიუხედავად.
ამჯერად კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მომსწრენი გავხდით. უკრაინაში რუსეთის განმეორებითმა შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, მასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც. დღესდღეობით დასავლეთი ნამდვილად ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას. საქართველო, რომელმაც პირველმა გამოსცადა რუსული აგრესია, მიჰყვება დასავლეთის მიდგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიყავით უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯის თანასპონსორი და მხარდამჭერი და, აგრეთვე, მივიღეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიებიდან 300,000 იძულებით გადაადგილებული პირის მსგავსად და უზრუნველვყავით მათთვის თავშესაფარი, ფინანსური დახმარება და განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მომსახურებებზე წვდომა.
როდესაც საუბარი პირდაპირ სამხედრო დახმარებას ეხება, ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ. რუსეთი აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას; ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება მძიმდება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო გულმოდგინედ მიჰყვება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას, ეყრდნობა მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ საშუალებებს და მიზნად ისახავს მთლიანი რეგიონისთვის ძალიან საჭირო სტაბილურობის უზრუნველყოფას. საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიციაა მნიშვნელოვანი, რათა რუსეთამდე მივიდეს ნათელი გზავნილი, რომ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა არ არის მისაღები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0