
„ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც ოსების, ასევე აფხაზების მშვიდობიან ცხოვრებას ქართველებთან ერთად“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ნიკოლაი როგაშჩუკის საქართველოში ბელარუსის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით.
ნიკოლაი როგაშჩუკი აქამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს და იფიქრეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვიყავით. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მტრები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან ერთად. როგორ (მოხდება ეს), ისინი უკვე იქ გადაწყვეტენ - ერთ სახელმწიფოში ერთად, ფედერაციულად თუ როგორმე, ეს მათი საკითხია. ჩვენ არ ვერევით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ხალხისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - თქვა ლუკაშენკომ.
„ბუნებრივია, გარკვეულ მომენტში ელჩების შეცვლის დრო დგება. გადაწყდა, რომ ამ ახალ ეტაპზე ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი იყო საჭირო. ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თქვენ საქართველოში ელჩად გამოგეგზავნათ“, - დასძინა მან.
ბელარუსი ოფიციალურად არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. თუმცა, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია ოკუპირებულ აფხაზეთს, რისთვისაც თბილისმა ის „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევაში დაადანაშაულა.
1
0