
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოხუმის დაცემის 30 წლისთავს ეხმიანება და ამ ომში დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. ის ასევე გამოთქვამს იმედს, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, 30 წლის წინ ჩატეხილი ხიდის აღდგენას შევძლებთ.
„30 წელი გავიდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღიდან - 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, რასაც მალე აფხაზეთის, ძირძველი ქართული მხარის, ოკუპაცია და ანექსია მოყვა.
მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ.
აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს ტკივილად და მთავარ გამოწვევად საქართველოს ყველა მთავრობისთვის. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დავბრუნდეთ აფხაზეთში, არამედ იქ მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა თანამემამულემ იგრძნოს თავი საქართველოს მოქალაქედ როგორც დე-იურე, ისე დე-ფაქტო. მათ, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, უნდა მიიღონ კუთვნილი უფლებები და პრივილეგიები, ჩაერთონ ჩვენი ერთიანი სამშობლოს განვითარებასა და წინსვლაში.
დღეს აფხაზეთი კვლავ ანექსირებულია. ენგურის ხიდის მეორე მხარეს საოკუპაციო ძალები დგანან და ჩვენს მოქალაქეებს გაღმა ნაპირიდან ხიდის გადმოსვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვის შედეგად შეუძლიათ.
ამის მიუხედავად, ჩვენ გვწამს რომ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გზით შევძლებთ 30 წლის წინ ჩატეხილი ხიდის აღდგენას და ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0