30/08/2023
14:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებს ორგანიზაციის გაფართოების თარიღებთან დაკავშირებით დამაბნეველი უწოდა. ამ თემაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„2030 წლის თემასთან დაკავშირებით კობახიძემ განაცხადა და ვეთანხმები, რომ დამაბნეველია. არსებობს პასუხი ამაზე - 2030 წელი დაახლოებით დავასახელეო, ახლა შარლ მიშელი იტყვის. ესენი ამბობენ - მუშაობის მიხედვით განვსაზღვროთ და შეიძლება 2030-მდე მოხდეს და შეიძლება მას მერეც მოხდეს. ასეთი მაგალითები გვაქვს, რომ ათობით წელია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები დგანან და ელოდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. დამაბნეველი განცხადებები კეთდება, მაგრამ მთავარია ჩვენ არ დავიბნეთ. ჩვენ ვიცით რა გვინდა, ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე - ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება ამჯერად და შემდეგ მუშაობის გაგრძელება ინტენსიურად, რათა ახლო პერიოდში გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრები“, - აცხადებს ვოლსკი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად. ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ, დანა სპინანტმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელების მხარდაჭერაზე.
0
0