
ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების ძალიან სერიოზული პერსპექტივა, - ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.
ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.
ჩვენ გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგაპროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა. არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების ძალიან სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში მოცულობების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება. სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივაა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა, ვიზიტები, შეხვედრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
0
0