21/09/2023
15:39
პოლიტიკა
ჩვენ და უკრაინელ ხალხს საერთო მიზანი გვაქვს. ჩვენ, როგორც არასდროს, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წინსვლა გვაერთიანებს. ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა, რომელიც ამ სტრატეგიულ ღერძს ასუსტებს, მიუღებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.
„ქართულ-უკრაინული ურთიერთობები სტრატეგიულია და ასეც უნდა იყოს. ესაა საქართველოს მთავრობის პოზიცია, პოლიტიკური კამათის მიუხედავად. ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას საგარეო აგრესიის ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით 2014 და, მით უმეტეს, 2022 წლის თებერვლის შემდეგ. და მაინც, მოწმენი გავხდით უკრაინული მხარის მიერ სტრატეგიული საკითხების პოლიტიკურთან განზრახ და მიზანმიმართულად აღრევისა. პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვის მაღალი დონის ოფიციალური პირების სააკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ რადიკალურ ქართულ ოპოზიციასთან პირადმა კავშირებმა კიდევ უფრო გააუარესა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის მომხრეთა ქმედებები ძალიან წააგავს რუსეთის საყვარელ ტაქტიკას, რომელიც ქართული საზოგადოების დაყოფასა და დაზიანებას ითვალისწინებს. ეს ტვირთი კიდევ უფრო ამძიმებს სირთულეებს, რომლებიც რუსული ოკუპაციითა და გამუდმებული პოლიტიკური და სამხედრო წნეხითაა განპირობებული.
ჩვენ და უკრაინელ ხალხს საერთო მიზანი გვაქვს. ჩვენ, როგორც არასდროს, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წინსვლა გვაერთიანებს. ეს ჩვენი საერთო ინტერესების სტრატეგიული ღერძია. ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა, რომელიც ამ სტრატეგიულ ღერძს ასუსტებს, მიუღებელი, უღირსი და, უბრალოდ, არასწორია. ჩვენ ერთმანეთის დახმარებაზე და არა დაუძლურებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, - წერს პაპუაშვილი.
0
0