
ჩრდილოეთ მაკედონიაში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ხანძარი ჩრდილოეთ მაკედონიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კოჩანის „პულსის“ კლუბში კვირას, გამთენიისას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში კონცერტს ჯგუფი ADN მართავდა. შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. როგორც მედია წერს, კონცერტს დაახლოებით 1 500 ადამიანი ესწრებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკური მოწყობილობების გამოყენებამ გამოიწვია. მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ მოხვდა ნაპერწკლები ჭერზე და როგორ გავრცელდა ცეცხლი სწრაფად მთელ შენობაში.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული.
ამასთან, ჩრდილოეთ-მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ჰრისტიან მიცკოსკიმ აღნიშნა, რომ მთავრობა „სრულიად მობილიზებულია და ყველაფერს გააკეთებს, რათა გაუმკლავდეს შედეგებს და დაადგინოს ამ ტრაგედიის მიზეზები“.
0
0
32 წელი გუმისთის ბრძოლებიდან
16/03/2025